ქუთაისში, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი 20:00 საათის შემდეგ აღარ დაიკეტება.
ამის შესახებ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ზვიად ჯავახიას განმარტებით, მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელის გახსნის მოთხოვნით მერიას ხშირად მიმართავდნენ. აღნიშნულ მიწიქვეშა გადასასვლელში სავაჭრო ობიექტებია გახსნილი.
“ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ბიზნეს ოპერატორს , “გვირაბი 95″ ვთხოვეთ, გაეხსნა საზოგადოებრივი სივრცე. იქ არიან მოვაჭრეები, რომლებსაც მუდმივად ვაჭრობის უფლება გააჩნიათ. ასევე, ადგილზე რჩება გარკვეული მატერიალური საკუთრებაც. იმისათვის, რომ კერძო ქონება არ დაზიანდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადგილზე კონტროლი გამკაცრდება,”-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, პირველ ეტაპზე, უსაფრთხოებას დაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ღამის საათებში გვირაბის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.
ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია.