თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერსა და მერიის მაღალჩინოსნებს ქონებრივი დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისად აქვთ შევსებული.
ქუთაისის მერიის კომენტარს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ში უპასუხეს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კვლევაში წარმოდგენილი ყველა კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი გააჩნია, თანამდებობის პირები კი მათ მეწილეებად ან/და დირექტორად ირიცხებიან.
“აღნიშნულის დასტურად თითოეულ შემთხვევაზე თან არის დართული (ჰიპერლინკის მეშვეობით) შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. კანონდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში “აქტიურის” სტატუსით. შესაძლებელია, კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. ჩვენი კვლევა ეფუძნება საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან მიღებულ ინფორმაციას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება. შესაბამისად, კონკრეტული არგუმენტის გარეშე განაცხადო, რომ კვლევაში არის შეცდომები – არ არის დამაჯერებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,”- აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ში.