გოგი წულაიამ ხაშურის, ფოთისა და წყალტუბოს საკრებულოს
თავმჯდომარეებს ფოსტით მახათი გაუგზავნა. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამით მათ მიერ ბოლო დროს გამოტანილი გადაწყვეტილებები გააპროტესტა.
“ბოდიშს ვიხდი, რომ ყველას სამყოფი მახათი ვერ ვიყიდე. გავაგზავნე ხაშურის, ფოთის , წყალტუბოს საკრებულოებში. ორი დიდი მახათია. ერთი საკრებულოს თავმჯდომარის, მეორე – ქალაქის მერის. ქუთაისს მე თავად გადავცემ. “- განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა. დადგენილება საკრებულომ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე მიიღო.
ხაშურის საკრებულომ ცხოველებს გამრავლება აუკრძალა.წარმომადგენლობითმა ორგანომ დადგენილება მიმდინარე წლის 5 ივნისს მიიღო, რომლის მიხედვითაც 2 წლამდე და 6 წელს გადაცილებულ ცხოველებს გამრავლება ეკრძალებათ
ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს ძაღლებთან და კატებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა. დადგენილებით, რომელიც 2018 წლის 30 მაისის სხდომაზე მიიღეს, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.