ქუთაისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა
სახელწოდებით მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში. კონფერენციის მიზანს იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ. კონფერენციაზე ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებაზე:
“დღის წესრიგში დგას ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების საჭიროება. როდესაც სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, სწორი პოლიტიკა იქნება, თუ ამ სოციალური პროგრამების ფარგლებში მოხდება გარკვეული მოწყვლადი ჯგუფების ინდენტიფიცირება დ მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ქალთა ჯგუფიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე კატეგორია. ესაა მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებულად შეჭირვებული დედები და რათქმაუნდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები. ეს ის ჯგუფია, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭიდება, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან”,- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
მან ასევე გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ პროცესში თვითმმართველობის ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ქუთაისმა წელს დაიწყო ახალი ინიციატივის განხორცილება , რომელიც მარტოხელა მშობლების დახმარებას გულისხმობს. როდესაც ინფორმაცია გავავრცელეთ, საკამოდ მოულოდნელი იყო სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქცია. გამოითქვა ნეგატიური მოსაზრება, რატომ ეხმარებით ქალბატონებს, რომლებმაც არასწორად იცხოვრეს. გააჩინეს შვილი ქორწინების გარეშე და შემდეგ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ჩართულობა. ჩვენ ვსაუბრობთ მოწყვლად ჯგუფზე. სჭირდებათ დახმარება და ჩვენ ვალდებული ვართ დაეხმაროთ. ამიტომ, ცნობიერების კუთხით, თვითმმართველობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.