ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილია დოკუმენტაცია, შეუსაბამოა პროექტი და საცხოვრებელში ბენეფიციარებისათვის საშიში პირობებია.
” ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია”,- ნათქვამია დასკვნაში.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საცხოვრისში გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების აღმოფხვრა მერიამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვა.
“ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად. როგორც იცით, დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,სანოს”,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის ვიცე-მერს იუზა უგულავას შეხვდნენ. საცხოვრისში მცხოვრებლები ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასა და ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვდნენ.