ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” წინააღმდეგ
დაწყებული საქმე განიხილა. სპორტულ ააიპს “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე უჩივის. კიკვაძე სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრის თქმით, ააიპის ხელმძღვანელმა ის უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ააიპის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ის გამოსაცდელი ვადით, 6 თვით იყო აყვანილი, თუმცა მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ის შტატში აიყვანეს.
“ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამიშვეს სამსახურიდან. გამოსაცდელ ვადაზე საუბარი არც ერთ ხელშეკრულებაში არ არის. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ააიპის ხელმძღვანელს არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო იმაში, რასაც სამსახურის შემდეგ გავაკეთებდი,”-განაცხადა კიკვაძემ.
ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი იცავს.
“ვფიქრობთ, რომ გამოსაცდელ ვადაზე შეთანხმება არ მომხდარა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ვფიქრობ, რომ ირაკლი კიკვაძე უნდა აღადგინონ სამსახურში. რა თქმა უნდა, ააიპს გამოსაცდელი ვადით აყვანა შეეძლო, თუმცა ეს ყველაფერი კანონიერად უნდა მოხდეს,”-განაცხადა კიკვიძის ადვოკატმა ნატა გოგიაშვილმა.
ააიპის წარმომადგენლების თქმით, მერიასა და ააიპებში მიმდინარე რეორგანიზაციის შემდეგ, შტატგარეშე თანამშრომლების არსებობა საჭირო აღარ გახდა. მათივე თქმით, კანონის საფუძველზე ააიპს არ ჰქონდა გათავისუფლების მიზეზების ახსნის ვალდებულება.
ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიაში სპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.
საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს.