ქუთაისის მერმა მუშაობის განვლილი 100 დღე შეაფასა.
გაწეული საქმიანობის ანგარიში გიორგი ჭიღვარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა.
ანგარიშში პრიორიტეტულად სოციალური, სპორტული, კულტურული მიმართულებები და ინფრასტრუქტურა დასახელდა.
“გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება უშუალოდ ას დღეზე გაგვემახვილებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგაც ბევრი რამ გაკეთდა ქალაქში. ვაპირებთ, აქტიურად ვიყოთ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. ყველა წინასაარჩევნო დაპირება უნდა შესრულდეს,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ასი დღის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიდეოკლიპის პრეზენტაცია მოეწყო. სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტებთან ერთად, ვიდეორგოლში ყურადღება სპორტულ და სახელოვნობო მიმართულებებზე გამახვილდა. კლიპის მიხედვით, ქუთაისში 70 კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო.
“ანგარიში მხოლოდ ასი დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს ასახავს. ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს. ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის მერი 100 დღის შემდეგ გაწეულ საქმიანობებს წლის ბოლოს წარადგენს.