“ქალაქის მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა ორმაისობას დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩაიშალოს”
-განცხადება ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით გოგისვანიძემ გააკეთა.
გოგისვანიძის აზრით, ტენდერების გამოცხადების კუთხით მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემებია. როგორც საკრებულოს დეპუტატი განმარტავს, ორმაისობის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მერიამ ხელშეკრულება იმ ინდ. მეწარმეს გაუფორმა, რომელმაც მოვალეობები ვერ შეასრულა და რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილება მისცა.
“ტენდერების გამოცხადების კუთხით მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემებია. ხელშეკრულება ორი მაისის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ გაუფორმეს ინდ. მეწარმე მერაბ ბოლქვაძეს. მერაბ ბოლქვაძეს ხელშეკრულება საჩხერის მუნიციპალიტეტთან ჰქონდა გაფორმებული საახალწლო ღონისძიებების შესყიდვების განხრით. იქ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან მიიღო შენიშვნა. 5 აპრილს კი დააფუძნა ახალი ფირმა და მიიღო მონაწილეობა ორმაისობისათვის გამოცხადებულ ტენდერში,”-განაცხადა გოგისვანიძემ.
ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საქმე კორუფციულ გარიგებას ეხებოდეს, რადგან მერიის წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულება სრულყოფილად შეისწავლონ ვინ ან რა კომპანია მონაწილეობს ტენდერში.
“გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა 2 მაისს დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.