“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
განცხადებას, რომ შპს “მადლის” უკან “პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას, თვითმმართველობაში უარყოფენ. ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, თვითმმართველობამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღასრულა და პოლიტიკური მოტივით რაიმე სახის შეთანხმება არ მომხდარა.
“2013 წელს მოხდა შპს “მადლისთვის” მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემა. 2014 წელს კი მერის ბრძანებით გაუქმდა ეს გადაწყვეტილება. ხელშეკრულება გაუქმდა მოსახლეობის მოთხოვნისა და იჯარის ხელშეკრულებების დადებისას სამართლებრივი დარღვევების არსებობის გამო. აღნიშნული შპს “მადლმა” გაასაჩივრა სასამართლოში. საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა. საბოლოოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება იყო უკანონო. “მადლთან” არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, არც გოჩა თევდორაძესთან და არც “პატრიოტთა ალიანსთან”. ჩვენ აღვასრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის არ აღსრულებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულად ითვლება. “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ზეპირად, თუმცა, შეუძლიათ, სასამართლო გადაწყვეტილება ამოიღონ. ნახონ სასამართლო სხდომის ოქმიც და იქ მიმდინარე დავაც. ჩვენ აღვასრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა,”-განაცხადა გიორგაძემ.
მიღებული გადაწყვეტილება “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გააპროტესტა. პარტიაში ამბობენ, რომ ერთი მხრივ, მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ შპს “მადლი” ქუთაისში საკვები პროდუქტების გასაყიდ 16 ჯიხურს დადგამს.