ქუთაისის მერიაში ლეიბორისტული
პარტიის წევრის, ირაკლი კიკვაძის ბრალდებებს უპასუხეს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, მერიიდან და მისი ააიპებიდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულან.
“ქუთაისის მერიიდან და ააიპებიდან არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა პოლიტიკური ნიშნით. იმისთვის რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება, გაუქმდა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. ფუნქციები კი შესაბამისად გადანაწილდა ააიპებში. ბრალდება, ვინმეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და აბსურდია,”-აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიაში რეორგანიზაციის დაწყება პირველივე სამუშაო დღეს დააანონსა. როგორც ქალაქის მერი აცხადებდა, პროცესის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მუშაობის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენდა. როგორც ჭიღვარია ამბობდა, თანამშრომლები პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩეოდნენ.