ლეიბორისტული პარტიის წევრი,
ირაკლი კიკვაძე, ქუთაისის მერიაში დასრულებულ რეორგანიზაციას აფასებს. კიკვაძე მიიჩნევს, რომ მერიაში რეორგანიზაციის მიზანი არა ინსტიტუციური დახვეწა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა იყო, არამედ მაღალჩინოსანთა ხელფასების ზრდა.
“მიუხედავად შემცირებებისა, არც ერთ ორგანიზაციაში არ ფიქსირდება სახელფასო ფონდის შემცირება. პირიქით, მერიაში და სხვადასხვა ააიპში ფონდი გაიზარდა. სამსახურის უფროსებისა და ვიცე-მერების ხელფასები 2000-დან 4000 ლარამდე მერყეობს. იმ გაჭირვებული ადამიანების ხელფასები კი, რომლებიც გაათავისუფლეს, 200-დან 500 ლარამდე,”-განაცხადა კიკვაძემ.
ლეიბორისტული პარტიის წევრი განმარტავს, რომ თანამშრომლები ქუთაისის მერიიდან პოლიტიკური და პიროვნული ნიშნით გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, თანამდებობები დაატოვებინეს იმ თანამშრომლებსაც, რომლებსაც “მფარველები” არ ჰყავდათ.
კიკვაძის თქმით, ქუთაისის მერიიდან და მისი ააიპებიდან ჯამში 160 თანამშრომელი გათავისუფლდა.
ბრალდებებს უპასუხეს ქუთაისის მერიაში. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ბრალდება, ვინმეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და აბსურდია.