ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებაში
არსებულ კულტურულ ა(ა)იპსა და ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისს” მანქანები გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის მერაბ მეშველიანის თქმით, აღნიშნული მანქანები საკრებულომ გაუმართაობის გამო დაიწუნა და მის გამოყენებაზე უარი თქვა.
“მანქანები საკრებულოს ემსახურებოდა. იყო ამორტიზირებული და მათზე ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. გაუგებარია, საკრებულო გამოყენებას არ აპირებდა და ახლა ა(ა)იპს უნდა გადაეცეს? ვატყობ, მანქანის ნომერი 005-დან 041-ად გადაკეთდება,”-განაცხადა მეშველიანმა.
ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ.
“ქუთაისის მერს აქვს ინიციატივა, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული ავტომობილები გაიყიდოს და ახალები შევიძინოთ. ახალ ავტომობილებს 3-5 წლიანი გარანტია აქვთ,”-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ.