ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი
ირაკლი კიკვაძე ქალაქის მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
კიკვაძე განმარტავს, რომ ის 2006 წლიდან “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა. კიკვაძის თქმით, მას ახალი მერის დანიშვნამდე პრობლემა არ შექმნია.
“ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კლასიკური მაგალითი. გიორგი ჭიღვარიამ 2017 წლის ბოლოს ჯერ მერიიდან გამათავისუფლა, ხოლო შემდეგ სპორტის ა(ა)იპიდან თავისი ქვეშევრდომის საშუალებით გამომიშვა. მერიიდან გათავისუფლების დროს იყო დაპირება, რომ შესაბამის სამსახურში შტატს ყველა მიიღებდა, რაც მხოლოდ ჩემ შემთხვევაში არ განხორციელდა,”-განაცხადა კიკვაძემ.
როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს, კულტურის სამსახურში დასაქმებული 20 თანამშრომლიდან ჭიღვარიას მხარდამჭერი მხოლოდ 2-3 ადამიანი იყო. კიკვიძის აზრით, სწორედ ამან განაპირობა სამსახურის გაუქმება და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მისი გათავისუფლებაც.
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე განმარტავს, რომ ირაკლი კიკვაძე ა(ა)იპში გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი.
ირაკლი კიკვაძე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.