უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უვიზო მიმოსვლის წესებსა და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც აღნიშნული წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თორნიკე ნოზაძის განმარტებით, დღესდღეობით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მყისიერი საფრთხე არ დგას. თუმცა, მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის.
“ეს არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მათ უნდა გაითავისონ, რომ გარდა პიროვნული ინტერესებისა, სახელმწიფოს რეპუტაციის საკითხიც დგას. შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი. მინდა, ყველა მოქალაქეს ვთხოვო, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს,”-განაცხადა ნოზაძემ.
თორნიკე ნოზაძემ უვიზო მიმოსვლის დადებით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობისათვის წინასწარ ჩაწერა და რიგებში დგომა საჭირო აღარაა. მისივე თქმით, აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფომ სამი წლის განმავლობაში 150-მდე საკანონმდებლო აქტი შეადგინა.
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 12 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა დაახლოებით 240 000-ჯერ ისარგებლეს. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97% არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და უკან აბრუნებენ სამშობლოში.