“ტენდერი უკვე გამოცხადებულია”-
ქუთაისის მერია იაშვილის ქუჩაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“რაც შეეხება კონკრეტულად იაშვილის ქუჩას, უკვე გამოცხადებულია ტენდერი პროექტის შეძენაზე და პროცედურების დასრულების შემდეგ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მალევე დაიწყება,”-აცხადებენ მერიაში.
როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია.
“ქუთაისის მერიამ უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დაიგო ზვიად გამსახურდიას, შარტავას, გაპონოვისა და ფანჯიკიძის ქუჩები. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით იწმინდება სანიაღვრე ქსელი იმისთვის, რომ მოსახლეობა დატბორვისგან დავიცვათ,”- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა იაშვილის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა დღეს გააპროტესტეს.