“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში,
იაშვილის ქუჩაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და აღნიშნულის ფონზე იმერეთის გუბერნიასა და ქუთაისის მერიაში ხელფასების ზრდა გააპროტესტა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ ბრეგაძე განმარტავს, იაშვილის ქუჩაზე ღვარსადენისა და პარკირების პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.
“შეწუხებული არიან აქ მცხოვრები ადამიანები. გზით სარგებლობა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ დროს გუბერნატორი, რომელსაც გაუორმაგდა ხელფასი, არანაირ ზედამხედველობასა და კონკრეტულ ქმედებას არ ახორციელებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. უმჯობესია, მაღალჩინოსნებმა ჯერ იშრომონ და ხელფასები მერე აიღონ და არა პირიქით,”-განაცხადა ბრეგაძემ.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” იაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მათ თვითმმართველობას წინა ხელისუფლების დროს მიმართეს, თუმცა პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა.
“ქუჩაზე ქვაფენილები აყრილია, მოსაწესრიგებელია ღვარსადენები, მოსახლეობას სარდაფებში წყალი შესდის. ქალაქის მერი ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ჭიღვარია მანქანით ჩამოივლის და არ აწუხებს აყრილი ქვაფენილები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,”-განაცხადა ადგილობრივმა ზურაბ შეწირულმა.
იაშვილის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მეექვსე წელია პრობლემად რჩება.
შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორის ხელფასი 2950 ლარს შეადგენდა, ამჟამად კი თანხა 5900 ლარამდე გაიზარდა.
თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.