“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ზესტაფონში
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების კველვის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში 30-მდე დეკლარაცია შეისწავლეს, რომელთაგან 4 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 2 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 777” 34% წილის მფლობელი, მან ასევე არ ასახა დეკლარაციაში, რომ მისი მეუღლე ნატო შავლაყაძე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:
შპს MAთO – 50 % იანი წილი;
შპს “მწვანე კონცხი” 10% წილი;
შპს “თბილისის ტაქსი” – 50 წილი.
აღსანიშნავია, რომ კახაბერ მახათაძე დეკლარაციის მიხედვით ფლობს შპს “იმერეთი 2011”-ის 65% წილს, აღნიშნულმა კომპანიამ 2012-2015 წლებში გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე 9 ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 2 ხელშეკრულება გაფორმდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომელთა საერთო ღირებულებამ 3446 ლარი შეადგინა.
კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს 50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს – 40 000 ლარი შესწირა.
ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ბახვა სუქნიძე 2017 წლის ივლისში დაფუძნებული შპს “როიალ კომფორტის” დირექტორი და 50% წილის მესაკუთრეა.
ზესტაფონის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კობა გოჩელეიშვილმა 2018 წლის იანვარში დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ალმაკოს” 33% წილის მფლობელი.ზესტაფონის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ხუსკივაძე 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით არის შპს “კატ-ის” 34% წილის მფლობელი და დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.