“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”
კვლევას ქონებრივი დეკლარაციების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან პასუხობენ. როგორც კვლევაშია აღნიშნული, თანამდებობის პირებმა არასრულად შეავსეს დეკლარაციები.
კვლევაში მოხვდა საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი, რომლის სახელზეც “კურორტტურის” 25 პროცენტიანი მეწილეობა ფიქსირდება. საღარეიშვილი რადიო “ძველ ქალაქთან საუბრისას” ამბობს, რომ კომპანია წლებია არ ფუნქციონირებს.
“ეს “კურორტტური” დააფუძნეს 2007 წელში. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო გურამ სოფრომაძე და სთხოვა რამდენიმე პირს, რომ შეექმნა. ამის შემდეგ ამ კომპანიას აღარ უფუნქციონირებია. დავიწყებული იყო”,- ამბობს საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი.
საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე ამბობს, რომ კანონი არც მას დაურღვევია.
“ჩემს სახელზე მყოფ კომპანიას, საგადასახადოშიც აღნიშნულია, რომ შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება 2012 წლიდან. მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიას კი 2007 წლიდან აქვს შეჩერებული ფუნქციონირება. ნულოვანი დეკლარაციები გვაქვს გადაცემული. კანონი არ დარღვეულა ჩვენი მხრიდან. ჩვენს თანამშრომლებზე ინფორმაციებს შევაგროვებთ და ორგანიზაციას მივაწვდით”, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძემ.