ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს
თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ფონდი “სოხუმის” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, სამომავლოდ ახალი წევრებისგან დაკომპლექტებული საბჭოს ეფექტური მუშაობისთვის, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
“ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო იყოს ეფექტური, აქტიური, პროგრესული და მაგალითის მიმცემი თუნდაც სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოებისთვის. ჩვენი საერთო ხედვაა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაძლებელი გახდეს განსახორციელებელი ინიციატივების გაწერა”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ფონდ “სოხუმის” დამფუძნებლის ალა გამახარიას თქმით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო სანიმუშოდ ეფექტური უნდა იყოს.
“ვისაუბრეთ იმ სირთულეებსა და სპეციფიკაზე, რაც ახლდა წინა საბჭოს მუშაობის პროცესს. ვისურვებდი, ამ საბჭომ იმუშაოს იმდენად აქტიურად, რომ ივნისისთვის, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდეს განსახორციელებელი ინიციატივების ასახვა,”- განაცხადა გამახარიამ.
ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2013 წელს მეოთხე მოწვევის საკრებულოსთან ფონდი “სოხუმის” ინიციატივით შეიქმნა.