ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარედ
ირაკლი შენგელია დაინიშნა. აღნიშნული პოსტი შენგელიამ საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას ბრძანების საფუძველზე დაიკავა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, გენდერული საბჭო საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. შენგელიას განმარტებით, შედეგის მისაღებად აუცილებელია არსებობდეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი.
“მიხარია, რომ საკრებულოში – საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებით – გამიჩნდა შესაძლებლობა რეალურად შევუწყო ხელი პოზიტიურ ცვლილებებს. ცვლილებების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის გენდერულად მგძნობიარე ბიუჯეტი. სწორედ, გენდერული ბიუჯეტი არის ფინანსური მექანიზმი თანასწორობის პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზებისთვის,”-განაცხადა შენგელიამ.
საბჭო გენდერული თანასწორობის საკითხების განსაზღვრაზე, საკითხთა გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებაზე იმუშავებს.
გარდა ამისა, საბჭო სხვადასხვა თემატური აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფს.
გენდერული საბჭოს დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.