ქუთაისის მერია ზედამხედველობის სამსახურის უფროსისათვის
ქრთამის შეთავაზების გამო ერთი პირის დაკავებას ეხმაურება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დღეს დააკავეს.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითია.
,,კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. დღეს, კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ არ დავუშვებთ, ქუთაისის მერია და სახელმწიფო რაიმე სახის არაკანონიერ და არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს,”-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2018 წლის 30 იანვარს, ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით).