ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით,
მერიის სახელფასო ფონდი წელს 250 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საკრებულოს- 54 000-ით.
მისივე განმარტებით, ხელფასის ზრდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოიწვია, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონით დაეკისრა.
რაც შეეხება საკრებულოს სახელფასო ფონდს, რომელმაც 54 000 ლარით მოიმატა, უგულავას განმარტებით, აღნიშნული ცვლილება საკრებულოში ხუთი პოლიტიკური თანამდებობის დამატებამ გამოიწვია. ახალი დებულებით, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილის შტატი შეიქმნა.
მერიის ინფორმაციით, პოლიტიკური თანამდებობის დამატება საკრებულოში ადგილობრივ თვითმმართველობას კანონით განესაზღვრა.
,,ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ფონდი წლიურად 785 000 ლარს შეადგენდა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საკრებულოს 5 პოლიტიკური თანამდებობა დაემატა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების სახით, რის გამოც სახელფასო ფონდი 54 000 ლარით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, საკრებულოს წლიური სახელფასო ფონდი 839 000 ლარს შეადგენს. ასევე, წელს ქუთაისის მერია ხელფასებზე დანამატებს აღარ გასცემს”-განაცხადა უგულავამ.
მერიის სახელფასო ფონდი, რომელიც 3 210 000 ლარს შეადგენდა წელს 250 000 ლარით გაიზარდა და 3 460 000 ლარით განისაზღვრა.