ქუთაისში საკრებულოს რიგით მე-2 სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სტუქტურაში შემავალი კომისიები დაამტკიცეს.
ხმაური გამოიწვია მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყებისათვის საკრებულოს თანხმობის მიცემის საკითხის განხილვამ.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, რეორგანიზაციის დაწყების მიზანი განმარტებული არ არის და ქალაქის მერს თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები არ წარმოუდგენია.
“ქალაქის მერიამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება გადარჩევა. თავიდან უნდა ავიცილოთ პროფესიონალების განთავისუფლება,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
“მმართველ ძალას ერთი მიზანი აქვს, უნდა გაყაროს ძველი თანამშრომლები. ესენი ხალხს ექცევიან ისე, როგორც ნახირს. ეს არ არის არც მორალი და არც პოლიტიკური ხედვა,”- განაცხადა გიორგი უკლებამ.
საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნას შეუერთდა “ევროპული” საქართველოს” დეპუტატი საკრებულოში დავით გოგისვანიძე.
მმართველ ძალაში განმარტავენ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყება ქალაქის ეფექტური მმართველობისათვისაა საჭირო და პროცესი დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საკითხს მხარი არ დაუჭირა, საკრებულოს უმრავლესობამ მერიას რეორგანიზაციის დაწყებაზე თანხმობა გამოუცხადა.