სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისისა და თბილისის ცენტრების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების ხელფასები განსხვავებულია.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის შემადგენლობა თითქმის 2.5-ჯერ მეტ ხელფასს იღებს ყოველთვიურად, ვიდრე იღებენ ქუთაისის ცენტრის თანამშრომლები. საშუალოდ, სასწრაფოს ექიმი თბილისში 1 376 ლარს, ხოლო ქუთაისში – 663 ლარ ხელფასს იღებს ყოველთვიურად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ახორციელებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დღიურად ემსახურება სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ბრიგადა, სადაც დასაქმებულია 44 ექიმი, 43 ექთანი და 41 მძღოლი.
ქუთაისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული ბრიგადა თვეში საშუალოდ 7-8 მორიგეობას ასრულებს, შესაბამისად, ექიმის ყოველთვიური ხელფასი 663 ლარს უტოლდება.
თბილისის ცენტრის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება საათობრივად იანგარიშება. ექიმი ერთ საათში 7.4 ლარს, უმცროსი ექიმი – 6 ლარს, ხოლო მძღოლი 5 ლარს იღებს.
წყარო:factcheck.ge