საკალათბურთო გუნდ “ქუთაისი 2010”-ის დაფინანსება 60 000 ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.
“ევროპული საქართველოს” წევრის ამირან ძოწენიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული გუნდი არ უნდა ფინანსდებოდეს და მას კერძო ინვესტორი უნდა გამოუჩნდეს.
“ბიუჯეტი იზრდება, თუმცა გუნდი განვითარების ახალ საფეხურზე ვერ გადადის. კარგად შენახულ მკვდარს ვინახავთ. უმჯობესია გამოჩნდეს კერძო ინვესტორი,”-განაცხადა ძოწენიძემ.
საკალათბურთო გუნდის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა. მისივე თქმით, თუ გუნდის დაფინანსება შეწყდება, ის ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.
“მერობის ვადის ამოწურვამდე ათი დღე დამრჩა, თუ ამ ვადაში ვინმე მოვა და იტყვის, რომ საკალათბურთო გუნდს დააფინანსებს, ორივე ხელით თანახმა ვარ,”-განაცხადა მურღულიამ.
მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში მე-6 ცვლილება შევიდა.