“მერიის შენობა გაიყიდება და თვითმმართველობა მუშაობას მთავრობის სახლში გააგრძელებს,”-განცხადება “გაერთიანებული დემოკრატები-თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ გააკეთა.
წულაია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მისი მერობის შემთხვევაში ქალაქისათვის საჭირო ცვლილებებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატის თქმით, თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური და არა ბუტაფორიული. წულაია განმარტავს, რომ აუცილებელია ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთრებაში გადასცეს ტერიტორიები.
“მერიის შენობა გაიყიდება და მთავრობის სახლში გადავა, ამასთანავე ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ 5 ავტომანქანა მოემსახურება. სახელმწიფომ მერიის თანამშრომლების სამსახურში მიყვანა არ უნდა უზრუნველყოს,”-განაცხადა წულაიამ.
გოგი წულაიამ, წინასაარჩევნო პროგრამის განხილვისას, ბიზნესის განვითარებასა და ქუთაისის გარეუბნების გამოცოცხლების საჭიროებებზეც ისაუბრა.
ბოლო შეხვედრა ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დემოკრატიულიო ჩართულობის ცენტრში “საარჩევნო მედიაცენტრის” პროექტის ფარგლებში გაიმართა.