“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში მერობის
კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. მერობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვადასხვა სფეროებზე გაამახვილა. განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში მერიაში თანამდებობის პირებს მანქანები არ მოემსახურებათ.
“ავტოპარკი გაიყიდება მთლიანად აუქციონზე და შემოსული თანხით ვიყიდით დამატებით სასწრაფო დახმარების მანქანებს”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაა.
“ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქალაქში შემოვიდეს ინვესტიციები”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მან ასევე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ხელმისაწვდომ განათლებაზე.
“შეიქმნება სპეციალური ფონდი, საიდანაც გაჭირვებული ოჯახებიდან სტუდენტებს დაურიგდებათ სპეციალური გრანტები. მნიშვნელოვან ნაწილს წარმატებული სტუდენტებისა, დაუფინანსდებათ საწღვარგარეთ განათლება”,- განაცადა ვაშაძემ.
ისაუბრა ქუთაისზე, როგორც ახალგაზრდულ და სპორტულ ქალაქზე.
“თუ ქართულ სპორტში რაიმე გაკეთებულა, ქუთაისიდან არის წამოსული. “აია” და “ტორპედო” მუდმივად უნდა იყვნენ საქართველოს ჩემპიონები. ქართული ფეხბურთისა და რაგბის ამდენი სიამაყე არ მიუცია საქართველოსთვის არცერთ ქალაქს”, – განაცხადა ვაშაძემ.