“ნაციონალური მოძრაობა” მერობის
კანდიდატს ქუთაისში ხვალ წარადგენს. პარტიის ქუთაისის ოფისში ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს აზუსტებენ. წარდგენა 12 საათზე იქნება, თუმცა სად ეს დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება და სწორედ მას წარუდგენენ ხვალ ქუთაისელებს.
გრიგოლ ვაშაძე დაიბადა თბილისში, 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.
1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნით. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი, მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.