“ერთადერთი რაზეც პასუხს ვერ ვცემთ,
ქვილიშორის წყალია” – ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. მაჟორიტარი დეპუტატი იმედოვნებს, რომ სოფელში წყალმომარაგების პრობლემა მალე მოგვარდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
“პირადად მე ყოველდღიურად ვკითხულობ ამ პროექტის ამბავს და პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურ ვადებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვილიშორში წყლის პროექტი და პრობლემა საბოლოოდ დასრულდეს. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ ამ მიმართულებით და თითოეული პროექტის განხორციელების ეტაპი ჩვენთვის გახდება ცნობილი და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”,- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის მილების მოწყობის სამუშაოები 2017 წლის თებერვლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარის ბიურო ავრცელებდა.
სამუშაოების ფარგლებში 139 ოჯახს დაუმონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და მილების ქსელი. თითოეულ მათგანს თვის ბოლოდან სასმელი წყალი შეუფერხებლად უნდა მიწოდებოდა.სოფელ ქვილიშორში პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს “დათო და კომპანია” 315 000 ლარად ასრულებდა.
სოფელში ამ დროისათვის გაზის მილების გაყვანის სამუშაოები დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტარტის თქმით, სოფელ ქვილიშორში პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. ბუნებრივი აირით ქვილიშორთან ერთად სოფელი წყალტუბოც უნდა მომარაგდეს.