არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”
სახელმწიფოს მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ მოსკოვის ყოფილი მერი არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და სახელმწიფოს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
“2009 წელს ლუჟკოვი ბრძანდებოდა სოხუმში და ცხინვალში და ის ღია მხარდაჭერას უცხადებდა და უცხადებს ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოების შექმნას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ აჩენს რეაგირებას საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა. მოვითხოვთ, სასწრაფო წესით იქნას აღკვეთილი ლუჟკოვის “ვოიაჟი” საქართველოში. მის მიმართ განხორციელდეს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას”, – აცხადებს “ევროპა ჩვენი სახლიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გოქაძე.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ დაედგინა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა. “დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.