“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა
, გოგი წულაიამ “პარკინგსერვისის” წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.
გოგი წულაიას განცხადებით “პარკინგსერვისმა” გასულ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 166 762 ლარი შეიტანა. წულაია კომპანიას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს.
“სად წავიდა 300 000 ლარი, ვის მოხმარდა? ამიტომ მივმართავ პროკურატურას კეთილი ინებოს და გამოიძიოს სად დაიკარგა ამდენი თანხა, რომელიც მოსახლეობიდან მართლა სისხლის მოწოვით არის ამოღებული,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
გოგი წულაიას განცხადებას “პარკინგსერვისში” დეზინფორმაციას უწოდებენ.
“ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყოველს წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 ათასი ლარი შევიტანოთ. გასულ წელს ორგანიზაციას მოგება არ დაუტოვებია, რადგან ინფრატსრუქტურული და საოპერაციო ხარჯები იყო. 166 ათასი ლარი არის შეტანილი ჯარიმებიდან, ამას გარდა ჩვენ 100 ათასი ლარი შევიტანეთ რაც გვქონდა ვალდებულება და დარჩენილ თანხას მომავალ წლებში ეტაპობრივად დავფარავთ,”-აცხადებს “პარკინგსერვისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მირანდა წივწივაძე.