პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკოლოზ ნარსიამ გამართულ ბრიფინგზე
ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის მიერ მიღებულ ხელფასთან და პრემია-დანამატებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ნიკოლოზ ნარსიამ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას და ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდა.
“ქუთაისის მერიაში 2016 წელს პრემიებისა და დანამატების სახით გაიცა 3 113 381ლარი , ხოლო ყველაზე დიდი ხელფასი ვიცე- მერმა ნოდარ მიქიაშვილმა აიღო, რომლის ხელფასი წელიწადში 49 971 ლარს შეადგენდა, რაც ზუსტად უდრის 1041 სოციალურად დაუცველის ანაზღაურებას. რაც შეეხება ქუთაისის მერს, რომელიც აცხადებს, რომ პრემიას არ იღებს, მას წელიწადში 33 000 ლარი ერიცხება. ის მუშაობს ასევე უნივერსიტეტში სადაც იურისტის თანამდებობაზე ერიცხება ანაზღაურება, 3740 ლარი, ხოლო ლექტორის თანამდებობაზე 5600 ლარი. ძალიან საეჭვო გარემოება არის და ვფიქრობ, რომ ქალაქის მერი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს პრემია-დანამატების ასე რომ ვთქვათ “გაპრავებას,” -განაცხადა ნიკოლოზ ნარსიამ.
ბრალდებას კი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს. ჯავახიას თქმით მსგავსი განცხადებები მიმართულია ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის დისკრედიტაციისთვის.
“პრემია ქუთაისის მერს მერობის პერიოდში არ მიუღია, მერე მეორე ის ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში, რაც საპატივცემულოა და ამას არცერთი კანონი არ კრძალავს. ქალაქის მერი მერობამდეც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. რაც შეეხება ვიცე-მერის პრემიას ეს მოხდა ერთადერთხელ, რომელიც წინა წელს დაირიცხა “აისო”-სერთიფიკათთან დაკავშირებით, რომელიც ასევე სხვა თანამდებობის პირებსაც დაერიცხა. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები მიმართულია ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის დისკრედიტაციისთვის “- განაცხადა ზვიად ჯავახიამ.