ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში სიტყვიერი
შელაპარაკება ნიკა მელიას, სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს შორის მოხდა. ნიკა მელიამ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ისინი ბოკერიას “დამჯერი ბავშვები” არიან. სიტყვიერ კონფლიქტს ელენე ხოშტარიაც შეუერთდა. “ძალიან გთხოვთ ყველას თავი გაანებეთ, თავის პარტიაში აწყობს შოუს”, – მიმართა თანაფრაქციელებს ელენე ხოშტარიამ.
მხარეები ერთმანეთს ბრლს პარტიის დაშლაში სდებდნენ. “ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე და “ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება”, – განუცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ელენე ხოშტარიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას დღეს, პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავას თხოვნით, საკითხზე მსჯელობა რამდენიმე დღით გადაიდო.