ბიუჯეტი საკრებულოს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა.
ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, რაც კი თვითმმართველობას დაუმტკიცებია.
ოპოზიციის ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო. ლეიბორისტული პარტიის წევრის სამსონ გუგავას თქმით, ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ცენტრალური ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის.
“ბოლო ათი წლის განმავლობაში პრიორიტეტები არ იცვლება ამ ბიუჯეტის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ქალაქში სიტუაცია, რომ ეს არ არის საზოგადოებაზე მორგებული. ამას ჰყავს მხოლოდ ვიწრო წრე მოსარგებლე ბენეფიციართა. მხოლოდ ერთი და იგივე საზოგადოების ნაწილი სარგებლობს ამ ბიუჯეტით. საერთო, საყოველთაო სიკეთე ამ ბიუჯეტს არ მოაქვს. ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ”,- განაცხადა სამსონ გუგავამ.
სამსონ გუგავას ქუთაისის მერმა უპასუხა. მურღულიას თქმით, ცენტრალურ ბიუჯეტში ცვლილება მინიმალური იქნება და ამ მხრივ შეფერხება არ მოხდება.
ბიუჯეტის დამტკიცებაში არ მიიღო მონაწილეობა ასევე დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძემ.
“ეს არ არის კარგად გააზრებული ბიუჯეტი. ჩვენ ამაში რაიმე სიახლე ვერ ვნახეთ, უბრალოდ არის გაზრდილი შემოსავლები. დიდი მადლობა, რომ მეტს ვხარჯავთ, მაგრამ რა ეფექტურობით ვხარჯავთ ამაზე დიდი ხნის საუბარი შეიძლება. ერთი ის არის, რომ ჩვენ იმ პრიორიტეტებს შევცვლიდით, რომელიც ამ ბიუჯეტში არის განსაზღვრული,”-განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
ბიუჯეტის დამტიცებას საკრებულოს სხდომაზე 24 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. პროექტს 16 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.