მე-9 მოწვევის პარლამენტში “მრეწველებმა”
ფრაქცია შექმნეს. ფრაქციის შექმნით, პარტია “მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას – 300 ათას ლარს მიიღებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე “მრეწველების” დაფინანსების საკითხს ეხმაურება: “სანამ პოლიტიკური კულტურა თუ მორალი ამაღლდება, სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს “მრეწველები”, ამბობს კახა კოჟორიძე. “კანონის სწორი განმარტების უამრავი თეორიულ-ფილოსოფიური ხერხებისა და მეთოდების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თან საჭიროც არ არის. მოცემულ შემთხვევაში სამართლის პრინციპი ისედაც მარტივია და ნათელია: პრივილეგიებით ისარგებლოს იმ პარტიამ, ვისაც ხალხის მეტი მხარდაჭერა აქვს. არ არის მარტივი? არ არის სამართლიანი? შევეკითხეთ ნებისმიერ გამვლელს და, თუ სამართალს არ განვავითარებთ, გამვლელებს მაინც დავუჯეროთ. ამ კითხვებზე სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა ჩვენი ხარვეზიანი კანონმდებლობიდანაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორ მოვიქეცით: ხარვეზიანი კანონმდებლობის უხარვეზო პრინციპი გვერდზე მივაგდეთ და რაც ხარვეზიანი წინადადება ვიპოვეთ ზუსტად ის წესად ვაქციეთ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ისევ მანკიერ წრეზე წაგვიყვანს და პოლიტიკურ მორალთან, სამართლიან სასამართლოსთან და კიდევ სხვა მსგავს რაღაცეებთან მიგვიყვანს. ხოდა, სანამ პოლიტიკური კულტურა თუ მორალი ამაღლდება, სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს “მრეწველები”,- განაცხადა კოჟორიძემ.