მოქმედ მთავრობას ხვალ უფლებამოსილება შეუწყდება.
პრეზიდენტი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს.
ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება. პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სახელმწიფოს მეთაური, პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სიტყვას უხუცეს პარლამენტის წევრს გადასცემს, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. მე-9 მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი “ქართული ოცნების” სიით არჩეული რევაზ არველაძეა.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასწრება სავალდებულოა.