საია 10 საათისთვის არჩევნების მეორე ტურის
დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით,დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა პრობლემებიც.
“დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით, კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.
გუშინ, 29 ოქტომბერს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მისცეს მითითება, რომ კენჭისყრის დღეს უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” კანდიდატის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა და უარყო მსგავსი მითითების გაცემა”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.