აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე, სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. აბაბშიძე კარაისინი შეხვედრა 19 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა. “მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა 2011 წელს “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება. შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰუმანიტარული – კერძოდ, საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში, ჯაშუშობის ბრალდებით, სასჯელს იხდიან. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საკუთარ ოჯახს საქართველოს 7 მოქალაქე დაუბრუნდა. რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
პოზიტიურად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყება, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *