უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მომხდარი თავდასხმების შემდეგ განაცხადა, რომ მტერი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას.
მისი თქმით, ოკუპანტები მიიღებენ სამართლიან სასჯელს და უკრაინა გაიმარჯვებს.
“მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ.
მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების “შადედ-136” – ცნობილი როგორც “კამიკაძე დრონი”, უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.
საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.
ირანმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთს უკრაინაში, ომში გამოსაყენებლად დრონებს აწვდის. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ ისინი ომში მყოფი ქვეყნების არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდიან.