რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე.
რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია კიდევ 12 თანამონაწილის ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებითვე, ტერაქტის ორგანიზატორები არიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, სამმართველოს თანამშრომლები და აგენტურა.
რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.
„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა, „გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, ტვირთის გადაადგილებას მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს თავი წარუდგინა როგორც „ივან ივანოვიჩი“. მათივე მტკიცებით, ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე კრემენჩუგის მცხოვრებზე რეგისტრირებული ტელეფონი.