მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი – არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს.
მან მოსკოვში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ომის საწინააღმდეგო ლექსი წაიკითხა.
პოეტის ადვოკატის თქმით, დაკავებისას მას სცემეს, შემდეგ კი ჰანტელის გამოყენებით გააუპატიურეს. დაზარალებულის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოკადრები არსებობს.
მოგვიანებით, რუსეთის პროსახელისუფლებო ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც კამარდინი ერთ-ერთ აქციაზე ნათქვამი უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის. ვიდეოში აქტივისტი პირობას დებს, რომ აღარასდროს წაიკითხავს აღნიშნულ ლექსს და აღარ მიიღებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.
ამჟამად არტიომ კამარდინი საავადმყოფოში იმყოფება.
არტიომ კამარდინის შეყვარებულმა ალექსანდრა პოპოვამ OVD-Info-სა და “ნოვაია გაზეტა. ევროპა”-ს განუცხადა, რომ ჩხრეკისას მასზეც იძალადეს: მოაგლიჯეს თმები, სახესა და პირზე სუპერწებოთი დააკრეს სტიკერები, სცემეს ფეხებით და დაემუქრნენ ჯგუფური გაუპატიურებით. ასევე ანახეს ვიდეო, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებენ კამარდინს. მისი თქმით, მანამდე მას მეორე ოთხასიდან კამარდინის ყვირილის ხმები ესმოდა. ჩხრეკის შემდეგ კი სახლიდან 600 დოლარი დაიკარგა.
ქალის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს რუსული არმიის “დისკრედიტაციისთვის” და გაათავისუფლეს. მას ასევე ექსტრემიზმის შესახებ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსი მიანიჭეს.