რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია ქალაქ იჟევსკის სკოლაზე თავდასხმის მსხვერპლთა შესახებ.
მოკლულია 13 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. დაჭრილია 21. მათგან 14 ბავშვია. მანამდე საგამოძიებო კომიტეტს დადასტურებული ჰქონდა 9 ადამიანის სიკვდილი.
ქალაქის 88-ე სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილით მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობითვე, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სააგენტო „ტას“-ის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ შეიარაღებულ, ნიღბიან მამაკაცს ეცვა მაისური ნაცისტური სიმბოლოებით.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, თავდამსხმელს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და ამჟამად მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.
რუსეთის მედია წერს, რომ უდმურტეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის, იჟევსკის 88-ე სკოლა ქალაქის შუაგულში, მერიის შენობის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 26-29 სექტემბერს უდმურტეთში გლოვა გამოაცხადა.