საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
multicat=50 იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს :
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები : ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი) რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში – ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ძლიერი მიწისძვრა ღამის 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია.