17 დეკემბერს, 17 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი გაიმართება.
2022 წლის ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება, ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს ეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და უცხოეთიდან, 28 მონაწილეა დარეგისტრირებული.
საპრიზო ფონდი შეადგენს 13600 ლარს. გაიცემა 9 პრემია და ერთი გრან პრი. ძირითადი საპრიზო ადგილების გარდა, დაწესებულია საუკეთესო პედაგოგის, არტისტიზმის, მომავლის პერსპექტივის, ჟიურის სიმპატიის, საუკეთესო შესრულების და ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულების ნომინაციები.
კონკურსის მთავარი კრიტერიუმია აკადემიური შემსრულებლობის მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვას უზრუნველყოფს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიურის ხუთ წევრიანი შემადგენლობა.
საერთაშორისო ჟიურის წარმოადგენენ ბრაზილიის, პოლონეთის, ლიეტუას და საქართველოს პიანისტები, პროფესორები: ნეი ფიალკოვი – (ბრაზილია, პორტო ალეგრე) პიანისტი, მუსიკალური ხელოვნების დოქტორი, რიო გრანდე-დო-სულის უნივერსიტეტის მუსიკისკათედრის სრული პროფესორი; მათიე განსკი – (პოლონეთი, გდანსკი) პიანისტი, მუსიკალური ხელოვნების დოქტორი, გდანსკის სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მუსიკალური აკადემიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი; დონალდას რაცისი – (ლიეტუვა, კაუნასი) ვიტაუტას მაგნუსის მუსიკალური აკადემიის ფორტეპიანოს კათედრის ხელმძღვანელი; მანანა გოცირიძე – (საქართველო) პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის ასოცირებული პროფესორი;
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი ქართველი დირიჟორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სრული პროფესორი, პოლონეთის, ბალტიის ფრედერიკ შოპენის სახ. ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე.
ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს საჯარო მასტერკლასები.
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა“, გენერალური სპონსორი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.