ფოტო-კონკურსში ,,წიგნი ობიექტივიდან’’ პირველი ადგილი იამზე ვაჩეიშვილმა აიღო.
,,ნათელი ბნელში’’ ასე ეწოდება ფოტო-ნამუშევარს, რომელმაც ავტორს საპრიზო პირველი ადგილი მოუტანა. ფოტოზე ცნობილი უსინათლო ლოტბარია გამოსახული, რომელმაც ,,ვეფხისტყაოსანი’’ თითქმის ზეპირად იცის და რომელიც მუდმივად აღნიშნავს, რომ მისთვის სინათლე მუსიკასთან ერთად ,,ვეფხისტყაოსანს’’ შემოაქვს. იამზე ვაჩეიშვილმა კადრი მაშინ დააფიქსირა, როცა უსინათლო ლოტბარს შვილიშვილი ,,ვეფხისტყაოსანს’’ უკითხვადა.
,,გამარჯვებას ,ნამვილად არ ველოდი, უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო და ამით წიგნთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება დამეფიქსირებინა. მე, ასევე, ილოს კამერის მფლობელი ვარ, წელს გამარჯვებული გავხდი. მადლობა ორგანიზატორებს ამ საჭირო ღონისძიებისთვის,’’-ამბობს იამზე ვაჩეიშვილი.
კონკურსის იდეის ავტორი მეცამეტე საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე ბელა უჩაძეა. ღონისძიება 5 სექტემბერს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო. გამოვლინდა სხვადასხვა საპრიზო კატეგორია: ნომინაციაში ფოტო-ფანტაზია გაიმარჯვა უკრაინიდან გამოგზავნილმა სურათმა სახელწოდებით ,,ომი და მშვიდობა’’, რომლის ავტორი განა ზუბარევაა; ნომინაციაში ,,იუმორისტული ფოტო’’ -დმიტრო პიროგიპაკმა გაიმარჯვა; ხოლო ნომინაციაში ,,ემოციური ფოტო’’ პრიზი ბაია თოდეუას გადაეცა. დაჯილდოვდნენ სხვა ავტორებიც. თემურ ძიძიგურის სახელობის პრიზი პაატა ნემსიწვერიძეს გადაეცა.
,,თითქმის ყოველ წელს ვცდილობ მივიღო კონკურსში მონაწილეობა და კონცეპტუალურად რაღაც შევმატო კონკურსს. ხან გამომდის, ხან ისე არ გამომდის, როგორც ჩაფიქრებული მაქვს. მიხარია, რომ კონკურსის მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ჩემი სურათის სახელწოდებაა ,,წიგნი როგორც ნავსაყუდელი’’. მართლაც ყველას შეუძლია წიგნში იპოვოს თავშესაფარი, მასში შევიდეს. წიგნი აშიშვლებს ყველა ტყუილს და სიმართლეს თვალებში გვაყურებინებს,’’-ამბობს საპრიზო ადგილის მფლობელი პაატა ნემსიწვერიძე.
,,კონკურსის მიზანი მომავალი თაობის წიგნთან დაბრუნებაა. Ჩვენ კონკურენციას ციფრულ სამყაროს არ ვუწევთ, ბუნებრივია, ცხოვრება ვითარდება და რაღაცები იცვლება, მაგრამ წიგნიერი აზროვნება სხვაა. ამ კონკურსით ვცდილობთ საზოგადოებას წიგნი ობიექტივიდან დავანახოთ და შევაყვაროთ,’’-ამბობს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის პიარ-მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე.