გალერეა ,,ვარლაში’’ იმერეთში მცხოვრები მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
წარმოდგენილია 63 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი, მათ შორის, ფერწერული ტილოები, გრაფიკის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის თემატიკა მრავალფეროვანია, სხვადასხვა თემაზე შესრულებული ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს 10 დღის განმავლობაში შეეძლება.
,,ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია არა მარტო ქუთაისში მცხოვრები, არამედ რეგიონში მცხოვრები მხატვრების შემოქმედებაც. დიდია რეგიონში მცხოვრები მხატვრების დაინტერესება, რაც მისასალმებელი ამბავია. Ამ ტიპის გამოფენები საშუალებას აძლევს მხატვრებს შეიკრიბნონ, ერთმანეთს და საზოგადოებას გააცნონ თავიანთი ნამუშევრები და მოახდინონ მათი პოპულარიზება,’’-ამბობს იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერიან მეძმარიაშვილი.
,,დღეს აქ ჩემი ორი ნახატია წარმოდგენილი, ერთში აკროპოლის ხედია წარმოდგენილი, მეორეში- პატარა გოგონას პორტრეტი, აქ ინსპირაცია გაზაფხული იყო. შევეცადე ჩემს ნახატში სითბო ყოფილიყო და ემოციები ამ ფორმით გამომეხატა. ამ ტიპის გამოფენები მხატვრებს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ჩვენი ნამუშევრები სივრცეში და შევაფასოთ რიგითი დამთვალიერებლის თვალით,’’-ამბობს მხატვარი ეთო გოგელიძე.