ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ ორგანიზებით, ქუთაისში სოხუმური გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო აფხაზეთის სურათები; ბანერი, რომელზეც სოხუმია გამოსახული და ქვიშაზე დამზადებული სოხუმური ყავა, რომლის დაგემოვნებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოფენა დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დღის აღსანიშნავად მოეწყო. ღონისძიების მიზანი ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობენ დევნილები და მათ მხადაჭერა სჭირდებათ.
,,შარშან დავამკვიდერეთ ტრადიცია- სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში. ყავა და სოხუმური არომატი სიმბოლოა, ეს აღნიშნავს, რომ ჩვენ, დევნილები უნდა ვცხოვრობდეთ მშვიდობიან ქვეყანაში და აღარ უნდა იყოს ომები. უკრაინის ტრაგედიის ფონზე ეს ყველაფერი ძალიან მძაფრად შეიგრძნობა. ჩვენ გამოვიარეთ ჩვენი წილი ბუჩა, ჩვენი წილი მარიუპოლი და კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. დღეს ბევრ დევნილს არ აქვს ის საყოფაცხოვრებო პირობები, რისი ღირსიც არის და გვინდა მთავრობას ჩვენი პრობლემების შესახებ შევახსენოთ,’’-ამბობს ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ საინფორმაციო სექტორის რედაქტორი ლალი შენგელია.
,,დღეს გამვლელებს ქვიშაზე მომზადებულ ყავას ვთავაზობ. მინდა მათ სოხუმური ყავის გემო გავახსენო. ჩემი სოხუმური მოგონებები უკავშირდება ზღვას, მზეს, ბევრ თოლიას, პალმებს და დიდ სიყვარულს, ყავის არომატით გაჯერებულს. დღეს ქვიშაზე ყავის მომზადებამ ეს მოგონებები თვალწინ დამიყენა,’’-ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მედეა მშვილდაძე.
20 ივნისს მსოფლიო დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დღეს აღნიშნავს. გადაწყვეტილება, მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად, 2000 წლის 4 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით მიიღო.