ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა.
მოცემულ პოზიციას ის ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და გიორგი თავაძეს სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს.
,,ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა 2022 წლის 4 თებერვალს ჩაიშალა, ხოლო განმეორებით კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ქუთაისის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ორი კანდიდატურა კულტურის მინისტრის მიერ განსახილველად წარედგინა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელმაც კენჭი უყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო გიორგი თავაძემ. შესაბამისად, სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასანიშნად გიორგი თავაძის კანდიდატურა წარუდგინა,’’-ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
გიორგი თავაძე სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ს. ახმეტელის სახელობის თეატრში, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სხვ. გარდა ამისა, არის მხატვრულ-დოკუმენტური სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ 15 სერიის მხატვრული სცენების დამდგმელი რეჟისორი. 2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას „წლის საუკეთესო რეჟისორის“ ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის „მაგიის საოცრებანი“.