ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით კოლაუ ნადირაძის ლექსების საჯარო კითხვა გაიმართა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და პოეზიის მოყვარულებმა, კოლაუ ნადირაძის სახლ-მუზეუმთან პოეტის ლექსები წაიკითხეს.
,,დღეს, 24 თებერვალს, კოლაუ ნადირაძის დაბადების დღეა. 25 თებერვალი კი ის თარიღია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბორბალი უარესობისკენ შეცვალა და ამ თარიღთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძემ ლექსი დაგვიტოვა სახელწოდებით: ,,1921 წლის 25 თებერვალი’’. ეს ორი თარიღი ისტორიამ გააერთიანა, ერთ დღეს დაიბადა მეორე დღის ისტორიის შემოქმედი პოეტური თვალსაზრისით. ჩვენც ამ ღონისძიებით ორივე თარიღს ვეხმაურებით,’’-ამბობს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ციცი ჯინჯიხაძე.
,,დღეს შევიკრიბეთ, რათა მოვეფეროთ ცისფერყანწელებს და მის ბოლო მოჰიკანს, კოლაუ ნადირაძეს. ყველამ ვიცით მისი ლექსი ,,1921 წლის 25 თებერვალი’’. გვახსოვს სტრიქონები: ,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი’’, ასევე ,,წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით!’’. ახლა თეთრ ცხენზე მჯდომი წითელდროშიანი სიკვდილი უკრაინას ემუქრება. არავინ იცის რა იქნება მომავალში ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ არ უნდა დუმდეს თბილისი, არ უნდა დუმდეს სიონი, ევროპა, ამერიკა და მთელი ცივილიზებული საზოგადოება. თეთრ ცხენზე ამხედრებულმა სიკვდილმა არ უნდა გაიმარჯვოს,’’-ამბობს პოეტი გია ქობალიანი.