კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა.
ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მისი დაფუძნების იდეა პარლამენტის წევრ ქეთევან დუმბაძეს ეკუთვნის.
კონკურსის მიზანი ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენაა.
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 3 დეკემბრის 12:00 საათზე დასრულდება.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ნომინაციებში: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული და წლის საუკეთესო პიესა.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5000 ლარია
კონკურსის ფარგლებში განიხილება მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა.
გამარჯვებულს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. გამარჯვებულები 27 დეკემბერს გამოვლინდებიან.